ჩვენს შესახებ

2012 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ბასტი ბუბუს საბავშვო ბაღმა. საბავშვო ბაღი მდებარეობს ბასტი ბუბუს სტუდიის გვერდით და აღჭურვილია ბავშვების განვითარებისათვის აუცილებელი თანამედროვე ინვენტარით, სათამაშოებით და რაც მთავარია პედაგოგიკით.

ბასტი ბუბუს საბავშვო ბაღის მთლიანი ცხოვრება, აღმზრდელობითი, განმავითარებელი და სასწავლო პროცესები და მათი შინაარსი ჰუმანური პედაგოგიკის იდეებს ემყარება. ჰუმანური პედაგოგიკა არის მოზარდში პიროვნების აღზრდის თეორია და შემოქმედებითი პრაქტიკა. მისი ძირითადი ცნებაა სულიერი ჰუმანიზმი, ხოლო პედაგოგიურ პროცესს ამ ცნებიდან გამომდინარე შინაარსის და საშუალებათა სისტემა განსაზღვრავს.

ჰუმანური პედაგოგიკის ძირითადი იდეებია:

·         აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის სულიერი ერთობა, თანამშრომლობა და თანაშემოქმედება, უშუალობა და გულითადობა;

·         ბავშვის სულის, გულისა და გონების გაკეთილშობილებასა და გაფაქიზებაზე ზრუნვა;

·         ბავშვის აღზრდა ცხოვრებისათვის და ცხოვრების მეშვეობით;

·         ბავშვთან ურთიერთობაში დიალოგის პრინციპის დაცვა;

·         ბავშვისათვის თავისუფალი არჩევანის განცდის მინიჭება;

·         ბავშვთან ურთიერთობაში შემოქმედებითი მოთმინების პრინციპით ხელმძღვანელობა.

ჰუმანური პედაგოგიური პროცესი ბავშვის ჯანმრთელობისათვის პროფილაქტიკური და სამკურნალოა. იგი მას უქმნის შინაგანი თანხმობის, სიხარულის, სიყვარულის, პატივისცემისა და წარმატების განწყობილებას.

სპეციალურად, ჩვენი ბაღისთვის, დიდმა პედაგოგმა და აკადემიკოსმა, ბატონმა შალვა ამონაშვილმა, დაწერა ბაღის სამუშაო პროგრამა. ჩვენი ბაღის სრული პროგრამა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი საიტიდან.

ბაღი აღჭურვილია ვიდეო აპარატურით, ისე, რომ მშობლებს შეუძლიათ ადევნონ თვალყური მათი ბავშვების ცხოვრებას ბაღში პირდაპირი ეთერით, ბასტი ბუბუს ბაღის ვებ-გვერდის საშუალებით.